saqarTvelos mdinareebi - texuri
ტერიტორიული ერთეულები | მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტები |
სათავე | ეგრისის ქედი 42°46`17` ჩ. გ. 42°24`59` ა. გ. |
შესართავი | რიონი 42°11`10` ჩ. გ. 42°01`59` ა. გ. |
სიგრძე | 108 კმ |
აუზის ფართობი | 1040 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 31.8 მ³/წმ |
მდინარე დასავლეთ საქართველოში (მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში). სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ტეხურიშდუდთან, ზღვის დონიდან 2400 მ. სიგრძე 108 კმ. აუზის ფართობი 1040 კმ2. მდინარე რიონს ერთვის მარჯვნიდან. მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - მთელი წლის მანძილზე. საშუალო წლიური ხარჯი ნოქალაქევთან 30,2 მ3/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად და სოფლის წისქვილებისათვის. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეობს კურორტი ლებარდე.
მდინარის აუზში 503 შენაკადია, საერთო სიგრძით 1047 კმ. ძირითადი შენაკადები, რომელთა სიგრძე 10 კმ-ზე მეტია არის ხუთი: მარცხენა მდინარე ჩხოროწყუ (11 კმ), მარცხენა მდინარე წაჩხურა (12 კმ), მარჯვენა მდინარე გურძენი (20 კმ), მარჯვენა მდინარე ნახური (11 კმ), მარცხენა მდინარე აბაშა (66 კმ). აბაშის აუზის შეერთების შემდეგ ტეხურის აუზი ღებულობს ასიმეტრიულ ფორმას. მდინარის სიმჭიდროვის კოეფიციენტი ტოლია 1.01 კმ/კმ².
მდინარის კალაპოტი ზომიერად კლაკნილია და ძირითადად დაუტოტავი. სოფელ დობერაზენის მიდამოებში იყოფა 2-3 ტოტად, რის გამოც წარმოიქმნება დაბალი, არამდგრადი კუნძულები კენჭნარ-ქვიშოვანი ზედაპირით. მდინარის კალაპოტისთვის დამახასიათებელია, საშუალოდ ყოველ 30-50 მეტრში, მუხლები და ჩქერები. მდინარის კალაპოტის სიგანე იცვლება 2 მ-დან (სათავიდან 2.5 კმ-ს ქვემოთ) 20 მ-მდე (სოფ. დობერაზენში). ძირითადად ჭარბობს 5 მ. სიღრმეები მუხლებთან შეადგენს 0.3-1.6 მ-ს, ხოლო ჩქერებთან 0.4-5 მ-ს.
მისი კალაპოტი ულამაზესი კლდოვანი კანიონებითა და ქვაბულების სიუხვით გამოირჩევა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის რაფტინგის მოყვარულთ. ტეხურის შუა და ზედა წელის ფაუნა საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. აქ მრავლადაა სხვადასხვა სახეობის სარეწაო მნიშვნელობის თევზი: თეთრულა, ტობი, წვერა, ქაშაპი, მურწა. მდინარეში ბინადრობს კალმახიც, მაგრამ მასზე თევზაობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
ტეხური თავისი ეკო-პირობებისა და მასში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის მიხედვით, მთელ სიგრძეზე იყოფა პირობითად 3 უბნად ან მონაკვეთად: საკალმახე უბანი, შუა უბანი და შერეული უბანი. მდინარე ტეხურის შუა და ზემო წელის ორივე სანაპირო მდიდარია ტყის რესურსებით.
„იწოდა ჩქარად დინებისგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ხიდსა თუ სხვასა რაის. გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩრდილოდამ რიონს“
ვახუშტი ბატონიშვილი